თეგებით ძიება
15. 06. 2024 მსოფლიო

„არავის აქვს უფლება ძირი გამოუთხაროს მშვიდობას" - შვეიცარიაში „მშვიდობის სამიტი" იმართება

შვეიცარიაში პირველი „მშვიდობის სამიტი” იმართება – მასში მონაწილეობას 92 ქვეყნის წარმომადგენელი და 8 არასამთავრობო ორგანიზაცია იღებს. მისი მიზანია, დაისახოს გეგმა, როგორ უნდა განხორციელდეს ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შეთავაზებული 10-პუნქტიანი მშვიდობის ფორმულა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მშვიდობის სამიტი” შეაფასა როგორც წინ გადადგმული ნაბიჯი უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში რუსეთის დასამარცხებლად.

„ჩვენი აქ გაერთიანება იმის დასტურია, რომ საერთაშორისო სამართლის იდეა ცოცხალი და ეფექტურია. აქ სხვადასხვა ერის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ გაეროს წესდება და საკვანძო კონვენციები ხალხთაშორის თანაარსებობის რეალური საფუძველია.

ჩვენი პრინციპები ცხადია – არავის აქვს უფლება აგრესიული ომი წარმართოს მეზობლის წინააღმდეგ და დაარღვიოს გაეროს წესდების მთავარი პრინციპები: ტერიტორიული მთლიანობა. არავის აქვს უფლება ბირთვული იარაღებით მუქარის, სურსათის, ენერგეტიკისა და მსოფლიოსა თუ რეგიონების უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრის.

არავის აქვს უფლება გაიტაცოს სხვა ერის ბავშვები. არავის აქვს უფლება უფლება ძირი გამოუთხაროს მშვიდობას. ჩვენ შეგვიძლია ამ პრინციპების ეფექტურობის უზრუნველყოფა. ისინი გლობალურად მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ზელენსკიმ.

სამიტზე საქართველოს წარმოადგენდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც შვეიცარიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა როგორც ვოლოდიმირ ზელენსკის, ასევე, მოლდოვისა და პოლონეთის პრეზიდენტებს. შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთანაც.

სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა უკრაინას და აღნიშნა, რომ უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ასევე იბრძვის ევროპის თავისუფლებისთვის და მეტიც, დემოკრატიის იდეალებისთვის, კანონის უზენაესობის აღდგენისა და შენარჩუნებისთვის.

„[…]ბუჩამდე იყო აფხაზეთი არის ფილმის სახელი, და დიახ, უკრაინის წინააღმდეგ ომამდე, იყო საქართველოს წინააღმდეგ ომი, არა ერთხელ, მაგრამ ბევრჯერ და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციამდე იყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ასე რომ, ჩემს ქვეყანას მხოლოდ შეუძლია გაიზიაროს ის შეშფოთება ადამიანური დანაკარგის გამო, რომელსაც განიცდის უკრაინა..

ყველა მიზეზის გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვიზიარებდეთ რწმენას, რომ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ეს ომი უნდა შეჩერდეს და გზა დაუთმოს უკრაინაში მშვიდობას, მშვიდობას ევროპაში და ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ და როცა, დღეს შემუშავებული საწყისი ნაბიჯების მიღმა, რუსეთი გაიაზრებს, რომ სხვა სახელმწიფოების მსგავსად მასაც აქვს საზღვრები და სხვა სახელმწიფოების მსგავსად ჰყავს მეზობლები და რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა იარსებებს მაშინ, როცა დიდი ქვეყნები აღიარებენ თავიანთ მეზობლებს, პატივს სცემენ მათ და მათ ტერიტორიულ მთლიანობას”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პარალელურად, აშშ-მა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით 1,5 მილიარდი დოლარის დახმარებას გამოუყოფენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა