ფეხბურთელების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ორდენები მაშინ, როცა მათი კოლეგები ჯილდოს გარეშე რჩებიან - კახა კალაძე
ვეტერანი ფეხბურთელი და თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განკარგულებას გამოეხმაურა.
“ფეხბურთელების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ორდენები მაშინ, როცა მათი კოლეგები ჯილდოს გარეშე რჩებიან“.- ასე შეაფასა კახა კალაძემ, ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საპატიო ჯილდოზე წარდგენილი 53 ადამიანიდან, ნაწილი სიის მიღმა დარჩა.
“არ ვიცი, რა უდგას ამას უკან. გაუგებარი იყო, რომ თქვეს განკარგულება გამოცემული გვქონდაო, ანუ ხალხისთვის არ უთქვამთ და დამალულად გამოსცეს, ასე გამოუვიდათ. რამდენი ხნის წინ პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ წარმატებული ფეხბურთელები წარადგინა ღირსების ორდენზე, მაგრამ ხმა არავის ამოუღია. მას შემდეგ, რაც აღვნიშნე, რომ სამწუხარო იყო, ამდენი ხანი რომ არ დააჯილდოვა პრეზიდენტმა ფეხბურთელები, შემდეგ თქვეს, რომ განკარგულება გამოცემული ჰქონდათ. უამრავი ადამიანია გამოტოვებული. ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ასეთი ორდენები, როცა თავიანთი კოლეგები, ადამიანები, რომლებიც მათთან ერთად იბრძოდნენ, გამოტოვეს. ეს წარმოუდგენელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.