ბაიდენი და ტრამპი ტელედებატების წესებზე შეთანხმდნენ
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ჯო ბაიდენმა და დონალდ ტრამპმა ტელედებატების წესები შეათანხმეს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება, რომელიც კანდიდატების ტელედუელის ტრანსლირებას უზრუნველყოფს.
წესების მიხედვით, ბაიდენი და ტრამპი ვერ ისარგებლებენ წინასწარ გაკეთებული ჩანაწერებით. მათ მხოლოდ ბლოკნოტები და კალმები ექნებათ. ასევე, სარეკლამო პაუზების დროს კანდიდატებს აეკრძალებათ თავიანთ გუნდებთან კონტაქტი. ერთი კანდიდატის მიკროფონი ყოველთვის გამორთული იქნება, როდესაც მეორე ისაუბრებს. ამასთან, 1976 წლიდან პირველად, ტელედებატები სტუდიაში მაყურებლების გარეშე გაიმართება.
დებატების პირველი რაუნდი 27 ივნისს გაიმართება. CNN-ში აცხადებენ, რომ მოდერატორები - ჯეიკ ტეპერი და დანა ბაში „მათ ხელთ არსებულ ყველა ხერხს გამოიყენებენ, რათა უზრუნველყოფილი იყოს წესების დაცვა და ცივილიზებული დისკუსია“.