თბილისის ნაწილი წყალმომარაგების გარეშეა დარჩენილი - GWP განცხადებას ავრცელებს
თბილისის ნაწილი წყალმომარაგების გარეშეა დარჩენილი. მიზეზი მასშტაბური ავარიაა, რომლის გამოც წიწამურში არსებული ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი დაზიანდა. GWP ვერ ამბობს, როდის შეიძლება პრობლემა აღმოიფხვრას. დაზიანება რთულად მისადგომ ადგილზეა, სამუშაოებში კი სპე-ტექნიკაა ჩართული.
გავრცელებულ განცხადებაში წყლლით მომარაგებაზე პასუხიმგებელი კომპანია წერს და არ გამორიცხავს, რომ სამუშაოების გაჭიანურების შემთხვევაში მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდიან. დაზიანებული წყალსადენი სასმელი წყლით ამარაგებს მცხეთას, თბილისში კი ვაკე საბურთალოსა და გლანის რაიონების ნაწილებს.
"ამ წუთებში სოფელ წიწამურთან სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე კომპანიის ტექნიკურ ჯგუფებთან ერთად იმყოფებიან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი და აქტივების მართვის დირექტორი გიგა ნადირაძე.
აღნიშნული წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი ხელოვნურად ნაყარი, გეოლოგიურად არასტაბილური გრუნტის ქვეშ მდებარეობს, რაც სამუშაოების წარმოებას საკმაოდ ართულებს და შესაძლოა გამოიწვიოს სამუშაო პროცესის გახანგრძლივება.
იმისთვის, რომ მოსახლეობას ეტაპობრივად მივაწოდოთ სასმელი წყალი, კომპანია ალტერნატიული გზებით რეზერვუარების შევსებას ახორციელებს და წყალმომარაგების აღდგენის დროის შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით სმს შეტყობინებებითა და კომპანიის ოფიციალური საკომუნიკაციო არხებით", - ნათქვამია განცხადებაში.