ფეხბურთელები მზად არიან - უფრო ძლიერი ხარ, როცა შენს უკან მთელი ქვეყანა დგას - ვილი სანიოლი
ფეხბურთელებისთვის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ოცნების ასრულება იყო, ისინი რამდენიმე დღე ამ ემოციებში იყვნენ და ყოველდღიურ რუტინაზე გადმორთვა გაუჭირდათ კიდეც, თუმცა შეკრების დაწყების წინ, ჩვენ მათ ვესაუბრეთ, ვუთხარით, რომ ახლა სწორება ახალ მიზნებზე უნდა ავიღოთ, ამიტომ ეს ეტაპი ყველამ დაძლია, ისინი მზად არიან , - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ დორტმუნდში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ფეხბურთელებისთვის დიდი მუხტი და ძალაა, როცა იციან, რომ მათ გვერდით მთელი ქვეყანა დგას.
"ყველა ქომაგმა ჩამოსვლა ვერ მოახერხა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის აქ, ან ვინ დარჩა საქართველოში, ვიცით, რომ ყველა ერთიანები ვართ, ზოგი ტრიბუნაზე, ზოგი სოციალურ მედიაში, ზოგი შინ, ნებისმიერ მხარდაჭერას ვგრძნობთ და გრძნობენ ფეხბურთელები, ეს ძალიან დიდი მუხტი და ძალაა, უფრო ძლიერი ხარ, როცა შენს უკან მთელი ქვეყანა დგას",- განაცხადა ვილი სანიოლიმ.
ასევე, პრესკონფერენციაზე ისაუბრა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ, მისი თქმით, ნაკრებმა დაიმსახურა ევროპის ჩემპიონატზე ყოფნა, ამიტომ მათ სურთ დაამტკიცონ რა შეუძლიათ.
"როდესაც ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ, ყველაზე ბედნიერი და გამორჩეული საღამო იყო, ძალიან ამაყი ვარ იმით, რასაც მივაღწიეთ, ამით უზომოდ ბედნიერი ვარ, გამორჩეული დღე იყო. როდესაც შეკრება დავიწყეთ, ვთქვით, რომ ყველა ემოცია უკან უნდა დაგვეტოვებინა და ახალი მიზნები დაგვესახა, აქ ვართ, რადგან გვინდა, რომ ახალი გამოწვევები მივიღოთ, დავიმსახურეთ აქ ყოფნა და გვინდა დავამტკიცოთ რა შეგვიძლია. ქვეყანაში საფეხბურთო ენერგია მძვინვარებს, საქართველოში ყველა ფეხბურთზე საუბრობს და იმ მიღწევაზე რაც ერთად შევძელით, გუშინ აქ ქომაგი იყო მოსული, რომელმაც სკუტერით უამრავი კილომეტრი გაიარა და აქ დროშა ჩამოგვიტანა, ეს ძალიან ემოციური იყო, ყველანი ამაყები ვართ იმით, რომ აქ ვართ და ჩვენი ქვეყნის სახელს წარვადგენთ, დიდ ენერგიას და მხარდაჭერას ვგრძნობთ ჩვენი ხალხისგან და ეს ბევრს ნიშნავს",- განაცხადა კაშიამ.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს თურქეთთან 18 ივნისს გამართავს. შეხვედრა დორტმუნდის „BVB არენაზე" თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ამასთან, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ, დასწრება უფასო იქნება.