"ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)
კომპანია "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი" (GWP) წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერდის მოხსნის სამუშაოები გუშინ, 17 ივნისს, ღამის 23:00 საათზე დაიწყო,
მიმდინარეობს მეწყრული ფერდობის დატერასება, რის შემდეგაც ლოკალურად შეკეთდება ქსელის დაზიანებული მონაკვეთი,
ადგილზე 24 საათიან უწყეტ რეჟიმში მუშაობს 6 ერთეული მძიმე ტექნიკა.ეს არის ამ დროისთვის მაქსიმალური რაოდენობა რისი განთავსებაც შესაძლებელია სამუშაო ტერიტორიაზე,
დასამუშავებელი მიწის არეალის გაფართოვებასთან ერთად, დღის განმავლობაში ეტაპობრივად დაემატება მძიმე ტექნიკა.
სამუშაოების მიმდინარეობისა და ხანგრძლივობის შესახებ კომპანია ინფორმაციას დამატებით, დღის განმავლობაში პერმანენტულად გაავრცელებს" - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიის ცნობითვე, GWP-ის სათავე ნაგებობებზე სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
"სასმელი წყლის ხარისხი ქალაქის გამანაწილებელ ქსელში სრულად შეესაბამება ეროვნული რეგლამენტით დადგენილ ნორმებს და უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის
სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოები ტარდება. დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე ქალაქის წყალმომარგების სისტემა საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
წყალმომარაგების აღდგენის დროს, პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში შესაძლოა წყალს ჰქონდეს შეცვლილი შეფერილობა, რაც გამოწვეულია ქსელში წყლის წნევის ხშირი ცვალებადობით" - ნათქვამია GWP-ის განცხადებაში.