კილიან მბაპემ ევრო 2024-ის სადებიუტო მატჩში ცხვირი გაიტეხა
საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა, კილიან მბაპემ ავსტრიასთან მატჩში ცხვირი გაიტეხა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 25 წლის ფორვარდი მატჩის ბოლოს ავსტრიელ კევინ დანსოს შეეჯახა, რის შემდეგაც მინდორზე დაეცა. ფეხბურთელი დიუსელდორფის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მოტეხილობა დაადასტურეს.
მოგვიანებით განცხადება საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა. მათი ცნობით, მბაპე ნაკრების ბაზაზე უკვე დაბრუნდა და მომდევნო დღეებში მკურნალობას გაივლის. მას ოპერაცია დაუყოვნებლივ არ ჩაუტარდება. ამ ეტაპზე უცნობია ითამაშებს თუ არა მბაპე ნიდერლანდებთან პარასკევს, მაგრამ უკვე დადასტურებულია, რომ ფედერაციაში მისთვის ნიღბის დამზადებაზე მსჯელობენ.
ამის შესახებ ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში თავადაც დაწერა.
„ნიღაბთან დაკავშირებით რამე იდეები გაქვთ?“ - ჰკითხა მან გამომწერებს.