თეგებით ძიება

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 19 ივნისს ლევან იოსელიანის ანგარიშს მოისმენს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის 19 ივნისის სხდომაზე „2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ ანგარიშს მოისმენენ.

386 გვერდიან ანგარიშს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი წარადგენს.

„საქართველოს სახალხო დამცველის წინამდებარე ანგარიში მომზადებულია საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 163-ე მუხლის შესაბამისად.

ანგარიშში წარმოდგენილია 2023 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2023 წელს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში მასში გაანალიზებულია ის პრობლემებიც, რომლებიც მანამდე წარმოიშვა და საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ 4849 განცხადება შემოვიდა. მათ შორის, მხოლოდ 3017 განცხადება ექცეოდა სახალხო დამცველის საქმიანობის მანდატის ფარგლებში, ხოლო 1832 განცხადება დაუშვებლად იქნა ცნობილი. სახალხო დამცველის აპარატში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობით მოქალაქეებს შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში მიიღონ ინფორმაცია, ან განაცხადონ უფლებადარღვევის შესახებ. 2023 წლის განმავლობაში ცხელ ხაზზე 17567 ზარი შემოვიდა.

წინამდებარე ანგარიშში გამოვლენილი უფლებადარღვევების აღმოსაფხვრელად სახალხო დამცველის აპარატმა სახელმწიფო უწყებებს 79 რეკომენდაცია/წინადადებით მიმართა. 2023 წლის განმავლობაში მომზადდა 10 სპეციალური ანგარიში და 3 ალტერნატიული ანგარიში საერთაშორისო ორგანოებში წარსადგენად, 3 კონსტიტუციური სარჩელი, 23 სასამართლო მეგობრის მოსაზრება, და 3 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისთვის. უფლებადარღვევებისა და გამოწვევების გამოსავლენად და მათ შესასწავლად, სახალხო დამცველის აპარატმა სხვადასხვა დაწესებულებაში არაერთი ვიზიტი განახორციელა, რაც დეტალურად არის ანგარიშში მიმოხილული“, - აღნიშნულია მასში.

სხდომა 10:00 საათზეა დანიშნული და მთლიანად ანგარიშის მოსმენას დაეთმობა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა