რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის ფონზე, პოლონეთის მთავრობა თავშესაფრების შესამოწმებლად კანონს ამუშავებს
პოლონეთის მთავრობა უსაფრთხოების ახალ კანონს ამუშავებს, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის ფონზე, მშვიდობიანი მოსახლეობის თავშესაფრების ადგილების შემოწმებას გულისხმობს. ამის შესახებ ვარშავის მერმა, რაფალ ტრზასკოვსკიმ განაცხადა.
ვარშავის მერის განცხადებით, კანონზე აქტიური მუშაობა დონალდ ტუსკის მთავრობამ დაიწყო. მისი თქმით, პოლონეთის წინა მთავრობაში კანონის აუცილებლობაზე ბევრს საუბრობდნენ, თუმცა ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამთ.
როგორც ვარშავის მერიის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რაფალ ტრზასკოვსკიმ კულტურისა და მეცნიერების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივი მთავრობების დაფინანსების საკითხზე ისაუბრა. საუბარი შეეხო ომისა და მშვიდობის პერიოდში თანამედროვე საფრთხეების აღმოჩენის, გაფრთხილებისა და განგაშის სისტემების არსებობას. ასევე, კოლექტიური დაცვის საშუალებების, სამოქალაქო უსაფრთხოების ჯგუფების ორგანიზებასა და პერსონალის დანიშვნის პრინციპებს.
"დონალდ ტუსკის მთავრობა მუშაობს უსაფრთხოების ახალ კანონზე, რომელზეც წინა მთავრობა ბევრს საუბრობდა, თუმცა არაფერი გაუკეთებია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმისთანავე ვარშავაში მშვიდობიანი მოსახლეობის თავშესაფრის ადგილები შევამოწმეთ, თუმცა მსგავსი ქმედებებისთვის მოქმედებაა საჭირო და ეს მთავრობის საქმეა. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ მთავრობასთან," - განაცხადა ტრზასკოვსკიმ.