"თურქეთმა თამაში მოიგო, საქართველომ კი ჩვენი გულები" - როგორ ეხმაურებიან ფეხბურთის უცხოელი გულშემატკივრები საქართველოს ნაკრების თამაშს?
გერმანიაში, დორტმუნდში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი, ისტორიული მატჩი გამართა.
ჩვენი გუნდი თურქეთს დაუპირისპირდა. მატჩი საბოლოოდ თურქების გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა.
მთელი მატჩის განმავლობაში უშეღავათო ბრძოლა იყო. ჩვენმა ფეხბურთელებმა თავდადება და თავგანწირული თამაში აჩვენეს, თუმცა ყველაფერს უიღბლობაც დაემატა. განსაკუთრებით დაძაბული მატჩის ბოლო წუთები იყო, როცა ჩვენმა გუნდმა შტურმი მოაწყო მეტოქის კართან, თუმცა გოლი არ გასულა. სასწაულად ეხმაურებიან ფეხბურთის უცხოელი გულშემატკივრები ჩვენი ნაკრების მატჩს. აშკარაა, რომ ჩვენი ბიჭების თავდადებამ გულგრილი არავინ დატოვა.
გთავაზობთ რამდენიმე გამოხმაურებას სოციალური ქსელებიდან:
- "ვალდებული ვარ, ბოდიში მოვიხადო, რომ თქვენს თამაშს არ ვიცნობდი"
- "ევროს ჯერჯერობით საუკეთესო მატჩი. საქართველოს თამაში მართლა შთამბეჭდავია ფეხბურთის ხარისხით"
- "პრივილეგირებული ვარ, რომ დღეს ამ თამაშის მომსწრე გავხდი. ღამის 2 საათია სინგაპურში. მადლობა თურქეთსა და საქართველოს ნაკრებებს საუკეთესო მატჩისთვის! საოცრება იყო!"...
- "თურქეთმა თამაში მოიგო, საქართველომ კი ჩვენი გულები"...
- "საქართველოს ნაკრები საკვირველად კარგი იყო, ჭკვიანურად ითამაშეს"!..
- "საუკეთესო თამაში იყო, ყოჩაღ თურქეთს, საქართველო კი უნდა ამაყობდეს თავისი ნაკრებით"...
- "ყოჩაღ საქართველოს! ძალიან მამაცები არიან"...
- "ეს რა საოცარი თამაში იყო! მიხარია ჩემმა ქვეყანამ რომ გაიმარჯვა. მაგრამ, ასევე, ჩვენს ძვირფას ქართველ მეზობლებსაც ვულოცავ. დიდებულად ითამაშეს! თავიანთი პირველი მატჩი ევროპის ჩემპიონატზე, ტურნირის საუკეთესო მატჩი იყო"!
- "თურქებს ძალიან გაუმართლათ. ქართველებმა საოცარი თამაში აჩვენეს. ვულოცავ საქართველოს ნაკრებს და წარმატებებს ვუსურვებ დანარჩენ მატჩებში"!...
- "დღეს საქართველომ დიდი ფეხბურთი ითამაშა. წააგეს, მაგრამ იმსახურებდნენ გატანას. ვულოცავ ორივეს. ძალიან კარგი თამაში ვნახეთ".
- "საქართველომ კარგად ითამაშა. მათ ყველაფერი გაიღეს"