მიუღებელია ნებისმიერი ტიპის ბულინგი, მით უმეტეს, როცა ეს ეხება პოლიტიკოსის ოჯახის წევრებს, არასრულწლოვნებს - ლევან იოსელიანი
საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, მიუღებელია ნებისმიერი ტიპის ბულინგი, მით უმეტეს, როცა ეს ეხება პოლიტიკოსის ოჯახის წევრებს, არასრულწლოვნებს.
„ეს ყველაფერი აისახება ოჯახის წევრების ფსიქიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბავშვები არ აგებენ პასუხს მშობლების გადაწყვეტილებებზე. არც ოჯახის წევრები აგებენ პასუხს, მაგალითად, ქალბატონი ირმას (ზავრადაშვილი) გადაწყვეტილებებზე. ქალბატონი ირმა აგებს პასუხს პოლიტიკურად თავის გადაწყვეტილებაზე და მან უნდა მიიღოს კრიტიკაც, მან უნდა უპასუხოს ამ კრიტიკას თავისი მოსაზრებებით. არაფერ შუაშია არც მისი შვილი, არც ოჯახის სხვა წევრი. ცალსახად ვგმობ ნებისმიერი ტიპის ბულინგს, რომელიც მიემართება ოჯახის წევრებს. განსაკუთრებით, თუ საუბარი არის ბავშვებზე, ეს აბსოლუტურად მიუღებელია", - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
ამ განცხადებით სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე უპასუხა დეპუტატ ირმა ზავრადაშვილის შეკითხვას: „უპრეცენდენტო შემთხვევაა, როცა კანონმდებელს კანონის მიღების გამო პრობლემებს უქმნიან, მით უმეტეს, ბულინგის მსხვერპლი ხდება. როგორც ჩემი დანარჩენი კოლეგები, მეც მზად ვარ, ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ეს ყველაფერი მისაღები და ასატანი იყოს, თუმცა როგორ ფიქრობთ, რამდენად მოითხოვს რეაგირებას ის ფაქტი, რომ ჩემი და ჩემი კოლეგების ოჯახის წევრები, მათ შორის არასრულწლოვნები, მოხუცები, სერიოზული ბულინგის მსხვერპლი გახდნენ იმის გამო, რომ მათმა ოჯახის წევრმა თავისი ფუნქცია ძალიან მაღალ დონეზე შეასრულა?".
ლევან იოსელიანმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა სახალხო დამცველის ანგარიში 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ.