სურსათის ეროვნული სააგენტო მეფუტკრე ფერმერებთან შეხვედრებს მართავს
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მუხრან შამათავა და სააგენტოს ვეტერინარები აბაშის მუნიციპალიტეტში მეფუტკრე ფერმერებს შეხვდნენ.
ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრში ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ფუტკრის პარაზიტულ დაავადებებსა და საფუტკრეების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მნიშვნელობაზე; თვალსაჩინოებისათვის, ჩატარდა ეპიდემიოლოგიური კვლევა და საფუტკრეების საჩვენებელი დიაგნოსტიკა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის კონსულტანტის, ფუტკრის დაავადებათა ექსპერტის ნინო ყიფიანის განმარტებით, მნიშვნელოვანია მეფუტკრეები ინფორმირებული იყვნენ იმ რისკების შესახებ, რომლებიც პერიოდულად ყველა ქვეყანაში იჩენს თავს.
შესაბამისი ღონისძიებების დასაგეგმად, აუცილებელია, მეფუტკრეებმა განასხვაონ ფუტკრის მავნებლები და ინფექციური დაავადებები, რათა სწორად დაგეგმონ შესაბამისი ღონისძიებები; დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, გამოიყენონ მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ვეტერინარული პრეპარატები.
ფუტკრის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მეფუტკრე ფერმერებთან აქტიურად თანამშრომლობს.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.