"იმ ღამესვე ცდილობდნენ დავერწმუნებინე, რომ ბავშვი დაიხრჩო, ანაწმენდები გაანადგურა ექსპერტმა" - რა ხდება 12 წლის ანა იანუშაიტიტეს საქმის განხილვაზე?
მტკიცებულებების განადგურების ფაქტზე, საქალაქო სასამართლოში 12 წლის ანა იანუშაიტიტეს საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
პროცესს ბრალდებული, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი დავით გრიგოლიაც ესწრება.
ის ბრალს არ აღიარებს და არც კომენტარს აკეთებს. პროცესზეა 12 წლის გოგონას დედაც.
"თავიდან, იმ ღამესვე, არასწორად იყო დაყენებული პრიორიტეტები. ცდილობდნენ დავერწმუნებინე, რომ ბავშვი მოიწამლა და თავისით დაიხრჩო და ამის გამო, პირველივე ღამეს და შემდგომ, როდესაც ითვლება, რომ არის ცხელი კვალი, ძებნა სწორად არ მიმდინარეობდა. ჩემი ქალიშვილის ანაწმენდები გაანადგურა სწორედ ექსპერტმა. მან არ აიღო სწორად, ვერ შეინახა ასევე რის შედეგადაც ის დაობდა.
მაინც ველოდები, რომ სასამართლო მას დამნაშავედ ცნობს", - ამბობს ანა იანუშაიტიტეს დედა.
ოჯახის ადვოკატის თქმით, დაობებული მტკიცებულებები ჰააგაში გადაიგზავნა და ახლა საერთაშორისო ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს სავარაუდო დამნაშავის დნმ.
შეგახსენებთ, რომ ანა იანუშაიტიტე 2023 წლის 16 მარტს, ღამით დიდ დიღომში გაუჩინარდა. მანამდე 12 წლის გოგონა მისი სახლის მიმდებარედ სეირნობდა, შემთხვევამდე ის არაერთმა მეზობელმა ნახა. მთელი ღამის ძებნის შემდეგ, 17 მარტს გოგონა დაღუპული იპოვეს.