ახლა სრულიად უნდა გადავერთოთ ჩეხეთზე და ეს შეხვედრა აუცილებლად დადებითი შედეგით უნდა დავასრულოთ - გიორგი ქვილითაია
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გიორგი ქვილითაიას განცხადებით, თურქეთთან გამართული თამაშით კმაყოფილები არიან, თუმცა შედეგი ბოლომდე კმაყოფილების საშუალებას არ აძლევთ.
როგორც გიორგი ქვილითაიამ "რუსთავი2-თან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, თურქეთთან გამართული მატჩი, შემდეგი შეხვედრისთვის გაკვეთილი იქნება და ჩეხეთთან შეხვედრა, აუცილებლად დადებითი შედეგით უნდა დასრულდეს.
"შედეგით, რა თქმა უნდა, არ ვართ კმაყოფილები. ჯგუფში თურქეთი ჩვენი უშუალო კონკურენტია. თამაშით კმაყოფილები ვართ. როგორც აღნიშნა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა თამაშის შემდეგ გამართულ ინტერვიუებში, თამაშით კმაყოფილები ვართ, მაგრამ ეს შედეგი არ გვაძლევს ბოლომდე კმაყოფილების საშუალებასა და უფლებას. ამიტომ, ახლა სრულიად უნდა გადავერთოთ ჩეხეთზე და ეს შეხვედრა აუცილებლად დადებითი შედეგით უნდა დავასრულოთ.
საგოლე მომენტები რომ დავითვალოთ, მგონია, რომ ჩვენ უფრო მეტი შანსი გვქონდა. მათ მიერ გატანილი პირველი ორი გოლი საოცარი იყო, მაგრამ მაგაზე ბევრად კარგი საფეხბურთო შანსები გვქონდა ჩვენ, მაგრამ არ გავიდა. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა შედეგზე იქონია ზეგავლენა. თუმცა გუშინდელი შედეგი შემდეგი თამაშისთვის გაკვეთილი იქნება", - განაცხადა გიორგი ქვილითაიამ.