„თელასი“ წყალმომარაგების აღდგენამდე შუქს არ გათიშავს
სააქციო საზოგადოება „თელასი” განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დედაქალაქის წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინებით, გეგმურ სამუშაოებს აჩერებს, შესაბამისად, ამ მიზნით აბონენტებს თბილისში ელექტროენერგიის მიწოდება არ შეუწყდებათ:
„დედაქალაქში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე სს „თელასი“ დროებით აჩერებს გეგმურ სამუშაოებს დედაქალაქის წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინებით.
წყალმომარაგების სრულ აღდგენამდე კომპანია „თელასი“ არ ჩაატარებს საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებულ ქსელის რეაბილიტაციისა და მოდერნიზების მასშტაბურ სამუშაოებს” ,— ვკითხულობთ „თელასის“ განცხადებაში.
მცხეთაში, სოფელ წიწამურთან, GWP-ის მაგისტრალური წყალსადენი 16 ივნისს დაზიანდა, რის გამოც წყლის მიწოდება თბილისისა და მცხეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეუწყდა. GWP-ის ცნობით, გრაფიკი ითვალისწინებს მინიმუმ 3-საათიან მიწოდებას დღის განმავლობაში და მაქსიმუმ 7-საათიანს.
წყალმომარაგების აღდგენას თბილისში შესაძლოა ერთ კვირამდე დრო დასჭირდეს. ამის შესახებ მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებთან კახა კალაძისა და მისი მოადგილეების შეხვედრის შემდეგ თქვა.