წიწამურთან მაგისტრალური მილსადენის დაზიანების ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით დაიწყო
წყლის მაგისტრალური მილსადენის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო – შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლებით, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და უკანონო ქმედებით გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს.
სოფელ წიწამურთან მილსადენი სამი დღის წინ დაზიანდა, რის გამოც დედაქალაქის ნაწილი უწყლოდ დარჩა. ამჟამად ჯივიპის აბონენტთა ნაწილს წყალი სპეციალური გრაფიკით მიეწოდება.
აღდგენითი სამუშაოები დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. ამ პერიოდში, კომპანიის ინფორმაციით, დედაქალაქის ხუთ წერტილში სასმელი წყლის ცისტერნები იქნება განთავსებული.