ევროკავშირი შეთანხმდა რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე
უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველად, ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ რუსული თხევადი ბუნებრივი გაზის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე.
ახალი, მე-14 სანქციების მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რუს ექსპორტიორებს აუკრძალავენ EU-ს პორტების გამოყენებას რუსული თხევადი გაზის რე-ექსპორტისთვის მესამე ქვეყნებში.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებში რუსული თხევადი გაზის იმპორტი, გაიზარდა. მიზეზი, მოსკოვის მხრიდან მილსადენების ხშირი და მიზანმიმართული შეჩერება იყო, რამაც, EU-ს წევრი ქვეყნები მოწოდების ალტერნატიული გზების ძიება აიძულა - დიდი მოცულობის ტანკერების გამოყენება EU-პორტებში.
„ეს პაკეტი ითვალისწინებს ახალ მიზანმიმართულ ზომებს და მოახდენს მოქმედი სანქციების მაქსიმალურ ეფექტიანობას არსებული ხვრელებს აღმოფხვრით“ - წერს სოციალურ ქსელ X-ზე ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის წარმომადგენლობა EU-ში.
სანქციების ახალი პაკეტის მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პორტებს აეკრძალებათ რუსეთის პორტებიდან წამოსული დიდი ზომის ტანკერების მიღება, რომლებიც თხევად ბუნებრივ გაზს უფრო პატარა გემებზე ანაწილებდნენ და მესამე ქვეყნებში გზავნიდნენ.
სხვადასხვა კვლევების მიხედვით, რუსულ თხევად ბუნებრივ გაზს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების პორტებიდან მესამე ქვეყნებში გადის, დაახლოებით, 3.5 მილიარდი დოლარის შემოსავალს აგენერირებს.
სანქციები ასევე შეეხება რუსეთის ე.წ. „ნავთობის ჩრდილოვან ფლოტს“. ასე მოიხსენიებენ გემებს, რომლებიც, სანქციებისგან თავის დასაღწევად მესამე ქვეყნებში არიან რეგისტრირებულნი და დასავლური დაზღვევის გარეშე ცურავენ.
ახალი პაკეტი შეზღუდვებს უწესებს იმ ფინანსურ დაწესებულებებსაც, რეგისტრირებულებს მესამე ქვეყნებში, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან სანქციების გვერდით ავლასა და იარაღის შექმნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ტექნოლოგიების ყიდვაში.
წყარო: რეალპოლიტიკა