გერმანია თავშესაფრის მინიჭების პროცედურის მოდელებს სხვა ქვეყნების მაგალითზე შეისწავლის
გერმანიის მთავრობა მიგრანტებისთვის თავშესაფრის მინიჭების პროცედურის მოდელებს სხვა ქვეყნების მაგალითზე შეისწავლის. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში 16-ვე ფედერალური მიწის პრემიერებთან შეხვედრისას ისაუბრა.
შეხვედრის შემდეგ შოლცმა აღნიშნა, რომ პროცესის გაგრძელების აუცილებლობის შესახებ შეთანხმება არსებობს და დეკემბერში პრემიერებთან მომდევნო შეხვედრაზე ახალ ინიციატივებსა და კონკრეტულ წინადადებებს წარადგენს.
როგორც Deutsche Welle წერს, შეხვედრაზე იტალიისა და ბრიტანეთის მაგალითები განიხილეს. იტალიას შეთანხმება აქვს ალბანეთთან, რომლის მიხედვითაც ალბანეთი ვალდებული საკუთარ ტერიტორიაზე ერთდროულად 3 000-მდე მიგრანტი მოათავსოს, სანამ იტალია მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. ალბანეთში დროებით მისაღები მიგრანტების წლიური რიცხვი 36 000-ით არის განსაზღვრული.
ბრიტანეთს კი მსგავსი შეთანხმება რუანდასთან აქვს გაფორმებული. თავშესაფრის მაძიებლები, რომლებიც ბრიტანეთში უსაფრთხო ქვეყნის, მაგალითად, საფრანგეთის ტერიტორიის გავლით შევლენ, რუანდაში გაიგზავნებიან, სადაც მათი მოთხოვნა განიხილება. დაკმაყოფილების შემთხვევაში, მათ ლტოლვილის სტატუსი მიენიჭებათ და რუანდაში დარჩენის უფლება ექნებათ. უარის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ რუანდაში სხვა საბაბით დასარჩენად ან სხვა მესამე ქვეყანაში მოითხოვონ თავშესაფარი. თავშესაფრის მაძიებლები ბრიტანეთში დაბრუნებაზე განაცხადის გაკეთებას ვერ შეძლებენ.