მაჭარაშვილი: ის, რომ NDI და IRI საქართველოში ფუნქციონირებას გააგრძელებენ
ის, რომ NDI და IRI საქართველოში ფუნქციონირებას გააგრძელებენ, ამ კანონთან ეს სრულიად თავსებადია. თუ უბრალოდ, არგუმენტების გარეშე უნდათ, რომ შეწყვიტონ საქმიანობა, ეს მათი გადასაწყვეტია, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა სენატორ ჯინ შაჰინის მიერ საქართველოში მიღებული, გამჭვირვალობის შესახებ კანონის კრიტიკის შეფასებისას.
„დღემდე ვერავინ დაასახელა, ვერც შაჰინმა ვერც ერთი წინადადება, ორი სიტყვაც კი ქართულ კანონში, რომელიც შეიძლება, შეეწინააღმდეგოს მაგალითად, NDI-ს და IRI-ს საქმიანობას საქართველოში. უფრო მკაცრი კანონი აქვთ თავად ამერიკაში. ჩვენს კანონში სისხლის სამართლებრივი დევნა არ არის. ერთადერთი, რაც არის, „ენჯეო“, რომელიც ფინანსდება უცხოური ძალიდან, უნდა დარეგისტრირდეს წელიწადში ერთხელ და თქვას, საიდან და რამდენით ფინანსდება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში მიღებულ გამჭვირვალობის შესახებ კანონს აკრიტიკებს. სენატორის განცხადებით, ესაუბრნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში - ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტსა და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს, რომლებმაც განაცხადეს, რომ ამ კანონის ფარგლებში საქმიანობის გაგრძელებას ვერ შეძლებენ.