25 ივნისს უკრაინის და მოლდოვის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებები იწყება
ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოები და დაადასტურა, რომ პირველი მთავრობათაშორისი კონფერენციები ორივე ქვეყანასთან 25 ივნისს, ლუქსემბურგში გაიმართება.
ამის შესახებ ბელგია, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში იუწყება.
„ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა ევროკავშირის ზოგადი პოზიციები, მათ შორის მოლაპარაკებების ჩარჩოები. ეს გზას უხსნის მოლაპარაკებების დაწყებას 25 ივნისს ლუქსემბურგში“, — ნათქვამია განცხადებაში.
ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას გასული წლის დეკემბერში დაუჭირა მხარი. მიმდინარე წლის მარტში ევროკომისიამ (EC) უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩო-პროექტები მოამზადა. ევროკომისიის მიერ შეთავაზებული ტექსტების შიდა განხილვები სამ თვეზე მეტხანს გაგრძელდა და საბოლოოდ დღეს დამტკიცდა.
25 ივნისს ევროკავშირის საბჭოს როტაციული თავმჯდომარე ქვეყანა წარადგენს ევროკავშირის შეთანხმებულ ზოგად პოზიციას პირველ მთავრობათაშორის კონფერენციაზე თითოეულ ქვეყანასთან, რითაც უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყება. კიევსა და კიშინიოვში იმედოვნებდნენ პროცესის დასრულებას ივნისის ბოლომდე, რადგან ივლისიდან, 6 თვის განმავლობაში, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა უნგრეთი ხდება და შიშობდნენ, რომ ვიქტორ ორბანს შეეძლო პროცესი გაეჭიანურებინა.