„ფეხბურთი საქართველოში ყველაფერზე ცოტა მეტია“ – გიორგი კეკელიძე
სტადიონზე, ორი საათით ყველაფერი წაიშლება და დარჩება მხოლოდ ერთი საქართველო. ორი საათი – მაგრამ მაინც. იმიტომ, რომ ფეხბურთი საქართველოში ყველაფერზე ცოტა მეტია - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, “წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების” დამფუძნებელი, გიორგი კეკელიძე წერს
,,ვარშავაში ვარ. მე ვროცლავისკენ მივდივარ. დანარჩენი ყველა გერმანიაში. იმათ ჰგონიათ, რომ მეც მათთან ერთად მივემართები. მე კიდევ უცნაური კაცი ვარ – თუ რამე წმინდა და სანერვიულოა, ოთახში, მარტოს მირჩევნია მასთან ერთად დარჩენა. ფეხბურთი ასეთია.
თან ხომ იცით, რასაც დაეჩვევი, ეგრე აგრძელებ – აბა, სად იყო ჩემს ბავშვობაში სტადიონები და შაბათ-კვირის რიტუალი. ჰოდა, ველაპარაკები ამ ხალხს და ვხედავ, რომ ეს ხალხი ბედნიერია. ამ ხალხს მოგება უნდა, მაგრამ რომ წავაგოთ, დიდი წილი ბედნიერების მაინც მათთან შემორჩება. შეიძლება ზოგმა ცხოვრებას მოაკლო – თავი არ დაზოგა და ფული დაზოგა. და აჰა, ახლა თვითმფრინავს ელიან. ფრენა გადაიდო. ჩვენებური ამბები ხშირად გადაიდება ხოლმე. ფეხბურთის ამბებიც ხომ იმაზე უფრო გადაიდო, ვიდრე გვეკუთვნოდა. და, აი – მოვიდა. თვითმფრინავიც მოვა. და ეს ხალხი მალე სტადიონზე იქნება. იქ, სტადიონზე, ორი საათით ყველაფერი წაიშლება და დარჩება მხოლოდ ერთი საქართველო. ორი საათი – მაგრამ მაინც. იმიტომ, რომ ფეხბურთი საქართველოში ყველაფერზე ცოტა მეტია. არ ვიცი რა არის კიდევ ასეთი – წესით პოეზია უნდა იყოს, მაგრამ ახლა, მგონი, მარტო ფეხბურთი.
ჰოდა, ამ მეტობისთვის ითამაშეთ ეროვნული ნაკრები დღეს ყველა სახლში, ყველა ფიქრში, ყველა ხმაში ერთი ტონით მეტი იქნება." - წერს კეკელიძე