თეგებით ძიება

დოლიძე - როდესაც პოლიტიკა მახინჯი და მტრულია, ელჩი რაც უნდა ვირტუოზი იყოს, ვერავითარ პოლიტიკას ვერ შექმნის

როდესაც პოლიტიკა არის მახინჯი და მტრული, ელჩი რაც უნდა ვირტუოზი იყოს, ვერავითარ პოლიტიკას ვერ შექმნის, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკასა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს ელჩებისადმი მიმართვასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, დასავლეთთან ურთიერთობა დიპლომატიურად კი არ არის დაზიანებული, არამედ პოლიტიკურად.

„რაც პოლიტიკამ გააფუჭა, იმას ვერანაირი დიპლომატია ვერ გამოასწორებს. დიპლომატია არის პოლიტიკის იარაღი და საშუალება. ჯერ ხდება პოლიტიკის შექმნა და ეს პოლიტიკა რომ განახორციელო, ამისთვის გჭირდება დიპლომატიური კორპუსი. ძალიან მიხარია, რომ პრეზიდენტი შეუერთდა ჩემს მოწოდებას. ძალიან მიკვრის ჩვენი ელჩების, რას აკეთებდნენ ამდენი ხანი, რას ეუბნებიან ჩვენს პარტნიორებს? ელჩი თვითნებურად ვერაფერს მოიფიქრებს, არის პოლიტიკა და ის პოლიტიკა უნდა დანერგოს. როდესაც პოლიტიკა არის მახინჯი და მტრული, ელჩი რაც უნდა ვირტუოზი იყოს, ვერავითარ პოლიტიკას ვერ შექმნის. დასავლეთთან ჩვენი ურთიერთობა დიპლომატიურად კი არ არის დაზიანებული, პოლიტიკურად არის დაზიანებული“, - განაცხადა დოლიძემ.

მისივე მოსაზრებით, დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა დიდი ხნის წინ დაზიანდა და ამ ხნის განმავლობაში ქართველი ელჩები „ამ მანქანის სამსახურში“ არ უნდა ყოფილიყვნენ.

„წყალგამყოფი ახლა არ დაწყებულა, ის დაიწყო, როდესაც ხელისუფლებამ არაერთგზის იძალადა თავის მშვიდობიან, პატრიოტ ახალგაზრდებზე. დღეს, ბევრი მათგანი, უდანაშაულოდ ზის ციხეში. როდესაც შენ ამ პირობებში ხარ ელჩი, თბილისიდან მოგდის გზავნილები და ცდილობ, რომ ეს ყველაფერი შეარბილო ჩვენი პარტნიორების წინაშე, ფაქტობრივად, ატყუებ პარტნიორებს. ამ პოლიტიკაში მონაწილეობა და მის იარაღად ყოფნა არ შეიძლება. ელჩები ამ მანქანის სამსახურში არ უნდა ყოფილიყვნენ“, - განაცხადა დოლიძემ.

ამასთან, დოლიძემ მთავრობის წარმადგენლების მიერ პარტნიორების მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ ტონი არ შეურბილებია, არამედ როგორც მოძალადე ისე იქცევა, რომელიც ხალხს „ტოქსიკურ ურთიერთობაში ამყოფებს“.

„მინდა ყველამ პარალელი გაავლოს „ქართული ოცნების“ ქმედებასთან, რომელიც ხან ლანძღავს დასავლეთ და ხან აქებს, ეს არის მოძალადესთან ტოქსიკური ურთიერთობა. ტოქსიკური ურთიერთობის არსი რა არის - ერთ დღეს გცემს, მეორე დღეს ყვავილებს ჩუქნის ... „ქართული ოცნება“ ბოლო წლების განმავლობაში, უკრაინის ომის შემდეგ იქცევა, როგორც მოძალადე, რომელიც ხალხს ამყოფებს ტოქსიკურ ურთიერთობაში. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ერთი გზა, ჩვენ მას უნდა დავშორდეთ, ჩვენ მას ვერ გამოვასწორებთ, ვერ აღვზრდით. ერთ დღეს აგინებს ევროკავშირის, მეორე დღეს იმავე ევროკავშირის გახსნილ ღონისძიებაზე მიდის და ლენტს ჭრის“,- განაცხადა დოლიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა