„ხვიჩა კვარაცხელია საკმარისად დიდი ფეხბურთელია რომ რაღაც, რაც მის თავს ხდება – მისი ბრალი იყოს და პირიქით...“ - გიორგი კეკელიძე
გიორგი კეკელიძე ხვიჩა კვარაცხელიას მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს.
როგორც გიორგი წერს, სამარცხვინოა, როცა ცოლს აბრალებ ფეხბურთელის წარუმატებლობას.
კეკელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, კრიტიკას გარკვეული კალაპოტი უპოვონ.
„ხვიჩა კვარაცხელია საკმარისად დიდი ფეხბურთელია რომ რაღაც, რაც მის თავს ხდება – მისი ბრალი იყოს და პირიქით.
სამარცხვინოა, როცა ცოლს აბრალებ ფეხბურთელის წარუმატებლობას. ან ნებისმიერ სხვა ვინმეს, თუნდაც ის სხვა ვინმე, ცალკე აღებული, დიდ კრიტიკას იმსახურებდეს. როცა კარგად თამაშობს, ეგებ მაშინაც დააბრალო? არა, მაშინ არ იზამ. და იცი, რატომ? ჩვენ ერთი უცნაური თვისება გვაქვს, ბრალის მესამე პირებში მოკითხვა. ამით ხომ, ქვეცნობიერად, საკუთარ უსუსურობას ამართლებთ, თქვენ რომ ვერაფერი შეძელით, იმ ამბავს.
და თუ მაინცდამაინც ბრალზეა, მე გეტყვით:
ის, რომ საქართველოს ნაკრები დღეს აქ მოვიდა, ეს ხვიჩას ,,ბრალია”.
ის, რომ საქართველოში ფეხბურთი დაბრუნდა საერთოდ, ეგეც ხვიჩას ,,ბრალია”.
კი, ის ვერ თამაშობს ახლა ისე, როგორსაც ვისურვებდით – გვინდოდა ამ ჩემპიონატის შუკერი და ბობანი ყოფილიყო. ეგ ოცნება გვქონდა. თუმცა, გავიხსენოთ ისიც, რომ იმ ხორვატიაში თითქმის შუკერი და ბობანი იყო დანარჩენი რვაც. ცოტა ფიქრი გავანძრიოთ – კი, ფეხბურთი სოციალური აღტკინებაცაა, მაგრამ პირველ რიგში სპორტია.
კრიტიკა? კრიტიკა ხვიჩას კი არა, მარადონას და რონალდუს შეხვედრიათ, თან მაშინ, როცა უკვე მარადონა და რონალდუ იყვნენ. აკრიტიკეთ. მაგას ვერავინ დაგიშლით. ოღონდ კრიტიკას კალაპოტი უპოვეთ,“ – წერს გიორგი კეკელიძე.