ყველა რაციონალური ლიდერი ურთიერთობს ჩინეთთან, წამყვანი ქვეყნების პრეზიდენტები ხვდებიან ჩინელ ლიდერებს, მივისწრაფი ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებისკენ - ანჯეი დუდა
პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა, ოფიციალური ვიზიტით, პეკინში ჩავიდა. აეროპორტში დუდასა და მის მეუღლეს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა.
მიმდინარე წელს ჩინეთისა და პოლონეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 75-ე წლისთავს აღნიშნავენ. ვიზიტის ფარგლებში, ანჯეი დუდა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდება.
როგორც გამგზავრებამდე პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, სი ძინპინთან შეხვედრისას განიხილავს პოლნეთის მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნებს, ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებს და უკრაინაში არსებულ სიტუაციას. მისი თქმით, უკრაინა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი „სარტყელისა და გზის ინიციატივისთვის“.
დუდამ ჩინეთთან, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს სახელმწიფოსთან ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ყველა რაციონალური ლიდერი ურთიერთობს ჩინეთთან. გლობალური მასშტაბით წამყვანი ქვეყნების პრეზიდენტები ხვდებიან ჩინელ ლიდერებს. მივისწრაფი ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებისკენ”, – განაცხადა ანჯეი დუდამ.