ჭაში სამუშაოების შესრულებისას წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელი დაიღუპა
ვალეში, წყლის ჭაში სამუშაოების შესრულებისას „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ თანამშრომელი დაიღუპა, მეორე თანამშრომელი კი დაშავდა - ინფორმაციას ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
უბედური შემთხვევა გუშინ, 24 ივნისს მოხდა.
ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს 59 წლის კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
როგორც „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ გამოცემას უთხრეს, მეორე მამაკაცი გარდაცვლილი თანამშრომლის ამოყვანის დროს დაშავდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა ახალციხის კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ დრომდე კლინიკაში რჩება.