აშშ გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას, თუ კიევი სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაიწყებს - ტრამპის გეგმა
აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ორმა მრჩეველმა წარუდგინა გეგმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების შესახებ. კეიტ კელოგისა და ფრედ ფლაიცის გეგმა ითვალისწინებს, რომ უკრაინა უფრო მეტ ამერიკულ იარაღს მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი სამშვიდობო მოლაპარაკებებში შევა, - წერს Reuters.
„ამავდროულად, ამერიკის შეერთებული შტატები გააფრთხილებს მოსკოვს, რომ მოლაპარაკებაზე ნებისმიერი უარი გამოიწვევს უკრაინის მხარდაჭერის გაზრდას“, - აღნიშნა კიტ კელოგმა, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა და ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ერთ-ერთმა მრჩეველმა.
კელოგისა და ფრედ ფლეიცის მიერ შედგენილი გეგმის მიხედვით, ცეცხლის შეწყვეტა სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს არსებულ ფრონტის ხაზების საფუძველზე მოხდება.
ფრედ ფლეიცის ცნობით, გეგმას დონალდ ტრამპი დადებითად გამოეხმაურა.
„არ ვამტკიცებ, რომ ის გეგმას ან თითოეულ სიტყვას დაეთანხმა, მაგრამ ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ასეთი გამოხმაურება მივიღეთ“, - განაცხადა ფრედ ფლეიცმა.
კელოგმა აღნიშნა, რომ თუ ტრამპი მოიგებს არჩევნებს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რუსეთისა და უკრაინის სწრაფად მიყვანა მოლაპარაკებების მაგიდასთან.
„ჩვენ ვეუბნებით უკრაინელებს: თქვენ უნდა მიხვიდეთ მაგიდასთან და თუ არ მიხვალთ მაგიდასთან, შეერთებული შტატების მხარდაჭერა დასრულდება. თქვენ კი ეუბნებით პუტინს: ის უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და თუ თქვენ არ დასხდებით მაგიდასთან, მაშინ ჩვენ უკრაინელებს მივცემთ ყველაფერს, რაც მათ სჭირდებათ თქვენს მოსაკლავად ბრძოლის ველზე“, - აღნიშნა მან.
ფრედ ფლეიცის თქმით, უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა დაიბრუნებს კონტროლს მთელ ტერიტორიაზე.
კელოგისა და ფლაიცის აზრით, უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად, უკრაინის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიებია საჭირო.