„უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონი ნელ-ნელა ბევრ საკითხს მოჰფენს ნათელს - ირაკლი ქადაგიშვილი
„90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ჩვენ ქვეყანაში მრავალპარტიულობა ყალიბდებოდა, საკმაოდ პოზიტიური და მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს უცხოურმა ორგანიზაციებმა, როგორიც იყო მაგალითად, NDI და IRI, საქართველოში თანამედროვე, დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის ელემენტების, სტრუქტურული მოწყობის, არჩევნების ორგანიზების კუთხით, იდეოლოგიური დოკუმენტების შექმნას ცდილობდნენ და ყოველივე ამ საკითხებში აქტიურად თანამშრომლობდნენ ახლად ჩამოყალიბებულ ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან და ეს მისასალმებელი იყო და არის“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის სხდომაზე.
მისივე თმით, დროთა განმავლობაში გამოჩნდა, რომ ამ ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციები მიკერძოებულ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ მოთამაშეებად გადაიქცნენ.
„ვხედავთ ტენდენციას, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო აქტივობით გამოიხატა, როდესაც მათ ოპოზიციონერი დეპუტატები დააფინანსეს და სპეციალური პროგრამა მოამზადეს, რომ მათ მოსახლეობასთან შეხვედრები გაემართათ. ეს არის უკვე პირდაპირ პოლიტიკაში ჩარევა და პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსება, როდესაც შენ მოსახლეობასთან შეხვედრებს უორგანიზებ და უფინანსებ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ოპოზიცია იქნება თუ უმრავლესობა, ამ შემთხვევაშიც, როგორც წესი, პასუხი ამასთან დაკავშირებით არ არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - არ შეიძლება, რომ ერთი ხელით გარკვეულ პოლიტიკურ პოზიციას აფინანსებდე და მეორე ხელით, შემდგომ არჩევნებზე დამკვირვებელი უნდა იყო. ეს ორმაგი სტანდარტები უკვე იმდენად თვალში საცემია, რომ ვფიქრობ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ნელ-ნელა ბევრ ასეთ საკითხს მოჰფენს ნათელს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.