ჩვენთვის სახელებს მნიშვნელობა არ აქვს, მოედანზე მოსაგებად გავალთ - ხვიჩა კვარაცხელია
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ჩვენი ეროვნული გუნდი პორტუგალიასთან ჩაატარებს.
კვარაცხელიამ შეხვედრაზე, მეტოქეზე და კრიშტიანუ რონალდოზე ილაპარაკა.
„მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვართ პორტუგალიასთან მატჩზე. წინა თამაშებზე კი ვიტყვი, რომ მეტს ვიმსახურებდით.
რონალდუს წინააღმდეგ მატჩამდე არ ვღელავ, პირიქით, ბედნიერი და მოტივირებული ვარ. ოცნებები ხდება. იმედია, თამაშიც ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება და მისი მაისურიც ჩემკენ წამოვა.
რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ მოტივირებულები ვართ. ერთი პროცენტიც თუ გაქვს შანსი, ისიც უნდა გამოიყენო.
პორტუგალიას ვაფასებთ, მათ ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავთ, მაგრამ ჩვენთვის ფეხბურთელების გვარებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მოედანზე მოსაგებად გავალთ. ასე იყო თურქეთისა და ჩეხეთის წინააღმდეგ შეხვედრებშიც.
წინა მატჩებში ბოლო წუთებზე გამოუყენებულმა მომენტებმა გამოცდილება შეგვძინა, შესაძლოა მათ სურათი შეეცვალა, ახლა კი ვარჯიშებზე ამისთვის ვემზადებით“, - აღნიშნა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი 26 ივნისს, 23:00 საათზე გელზენკირხენში გაიმართება.