თეგებით ძიება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

პროფესორ გიორგი გახელაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს:

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ილიაუნის მოწვეული პროფესორი, განათლების მკვლევარი გიორგი გახელაძე.

გიორგი გახელაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიურ საქმიანობას ეწეოდა მისი დაარსებიდან დღემდე. მას დიდი წვლილი მიუძღვის ილიას უნივერსიტეტის განათლების სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისა და კვლევითი პოტენციალის განვითარებაში.

გიორგი გახელაძე აქტიურად მონაწილეობდა განათლების მომავალი ადმინისტრატორებისა და მასწავლებლების მომზადებასა და პროფესიულ წინსვლაში. ის გახლდათ საქართველოში განათლების რეფორმის სხვადასხვა დოკუმენტის თანაავტორი.

გიორგის ინიციატივით დაფუძნდა ასოციაცია „მშობლები განათლებისათვის ‘’. იგი ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახურს, წლების განმავლობაში მუშაობდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრში, განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, მის კოლეგებს, მეგობრებს“, - ვკითხულობთ სამძიმრის წერილში. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა