თეგებით ძიება
26. 06. 2024 ვიდეო

"მდგომარეობა არის საგანგებო, იავარქმნილია მონასტრის ყველა შენობა-ნაგებობა" - ალავერდის მიტროპოლიტი (ვიდეო)

ვითარება საგანგებოა - აცხადებს მეუფე დავითი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი, რომელმაც გუშინდელი სტიქიის შემდეგ, მონასტრის ტერიტორია დაათვალიერა. როგორც მიტროპოლიტი ამბობს, არც ერთი სახურავი გადარჩენილი არ არის:

"დღის შუქზე მონასტრის დათვალიერების შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მდგომარეობა არის საგანგებო. არც ერთი სახურავი არ არის გადარჩენილი. ყველა სახურავი არის დაზიანებული. გარდა ამისა, ქვემოდან როცა უყურებთ, რომ გუმბათის კარავს მოხსნილი აქვს თუნუქი, სპეციალისტებმა უნდა ნახონ, რადგან დარტყმა ქარბორბალას ძალისა, იყო ძალიან დიდი. სხვა დანარჩენი, ინფრასტრუქტურა იყო მონასტრის შიგნით, თუ რა იყო, სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ, არის იავარქმნილი და ეს ეხება მონასტრის ყველა შენობა- ნაგებობას" ამბობს მიტროპოლიტი.

შეგახსენებთ, ძლიერი ქარიშხალი კახეთში, სოფელ ალავერდში გუშინ მოულოდნელად ამოვარდა და სამონასტრო კომპლექსის ტერიტორია დააზიანა. ზარალი მიადგა სოფლის მოსახლეობასაც. დაშავდა ორი ადამიანიც.  

ალავერდი მონასტრის მდგომარეობასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, სადაც ნათქვამია, რომ სტიქიის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ტაძრის სამხრეთ კალთაზე დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქის სახურავი და საეპისკოპოსო სასახლის კრამიტის სახურავი, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.

მათივე ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებათა სიმძიმის განსაზღვრა და უახლოეს დღეებში ადგილობრივ ეპარქიასა და მის მმართველ აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად დაიგეგმება ტაძრის დაზიანებების აღმოსაფხვრელი ღონისძიებები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა