„კვარაცხელიას წასვლას ვეტო დავადე“- ხვიჩა მომდევნო სეზონზეც „ნაპოლიში“ ითამაშებს
„ნაპოლის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ გუნდის ლიდერების, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯოვანი დი ლორენცოს მომავლის შესახებ ისაუბრა.
როგორც იტალიელი სპეციალისტი ამბობს, ფეხბურთელები მომდევნო სეზონშიც „ნაპოლის“ შემადგენლობაში ითამაშებენ.
„მე მხოლოდ კვარაცხელიას და დი ლორენცოს არ ვწვრთნი, მე მთელ გუნდს ვხელმძღვანელობ. მოთამაშეებს ვესაუბრე და ჩემი იდეები გავაცანი. ეჭვი არ არსებობს, ეს ფეხბურთელები მომავალ სეზონშიც ჩვენს გუნდში ითამაშებენ, რადგან საკვანძო ფიგურები არიან.
ლობოტკას, დი ლორენცოს, კვარაცხელიასა და ზამბო ანგისას წასვლას ვეტო დავადე“, – განაცხადა ანტონიო კონტემ.
შეგახსენებთ, რომ ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა „პარი სენ-ჟერმენს“ სურს. ეს ინფორმაცია თავად ფეხბურთელის აგენტმა, მამუკა ჯუღელმაც დაადასტურა.
„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი ამბობს, რომ ქართველი ფეხბურთელის გაშვებას კლუბი არ განიხილავს და მას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.