გაჩერებას არ ვაპირებთ, ევროპის ჩემპიონატი ახლა დაიწყო - გიორგი მიქაუტაძე
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ბომბარდირთა დავას საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ლიდერობს. მან სამ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ისტორიული წარმატების, კონტინენტის პირველობის მერვედფინალში გასვლის შემდეგ მიქაუტაძემ პირველ არხთან კომენტარი გააკეთა და ამ გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საქართველომ გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავედით. არ ვიცი, გულშემატკივარს მადლობა როგორ ვუთხრა, ისინი მუდამ ჩვენ უკან არიან, ჩვენ კი ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ისინი გავახაროთ.
გაჩერებას არ ვაპირებთ, ევროპის ჩემპიონატი ახლა დაიწყო. ვიცით, რომ ჩვენი მომდევნო მეტოქე ესპანეთი იქნება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძე.
მერვედფინალში საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრა 30 ივნისს კიოლნში ჩატარდება.