თეგებით ძიება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტის სხდომაზე მხარი დაუჭირეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს. გიზო უბილავას, ბადრი შონიასა და გოჩა ჯეირანაშვილის კანდიდატურებს განხილვის გარეშე უყარეს კენჭი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გიზო უბილავას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა და უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგება.

ბადრი შონიას და გოჩა ჯეირანაშვილს მხარი დაუჭირა 78-მა დეპუტატმა, ისინი უფლებამოსილების შესრულებას 18 ოქტომბრიდან შეუდგებიან.

მოსამართლეობის კანდიდატურებისთვის სესიაზე განხილვის გარეშე კენჭისყრის შესახებ გადაწყვეტილება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, სადაც მოსამართლეობის კანდიდატებს 20 ივნისს მოუსმინეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტს თავდაპირველად ის დაიკავებს, ვისი არჩევაც ანბანური თანმიმდევრობით პირველად მოხდა.

შემდეგი კანდიდატები კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შესრულებას სასამართლოში ადგილის გათავისუფლების შემდეგ, 2024 წლის 18 ოქტომბრიდან შეუდგებიან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა