კამალა ჰარისმა აღიარა, რომ ბაიდენმა ტრამპმთან დებატები საუკეთესოდ არ დაიწყო
ჯო ბაიდენის და დონალდ ტრამპის დებატებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი გამოეხმაურა. CNN-თან ინტერვიუში მან ძირითადად იმაზე ისაუბრა, რომ ტრამპმა დებატების დროს ბევრი ტყუილი თქვა. ჰარისი შეეცადა აქცენტი გადაეტანა იმ სამუშაოზე, რაც ბაიდენმა პრეზიდენტობის 3,5 წლის განმავლობაში გააკეთა.
თუმცა, წამყვანის განმეორებითი შეკითხვების შემდეგ მას მოუწია იმის აღიარება, რომ ბაიდენი სცენაზე არც თუ ისე დამაჯერებლად გამოიყურებოდა.
„კი, დასაწყისი ნელი იყო. ეს ყველასთვის თვალსაჩინოა. ამაზე კამათს არ ვაპირებ. მე გესაუბრებით იმ არჩევანზე, რომელიც ნოემბერში უნდა გაკეთდეს. მე გესაუბრებით ჩვენი კოლექტიური ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებზე“, - განაცხადა ჰარისმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ 90-წუთიანი დებატების მსვლელობისას ტრამპმა უარი თქვა 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის დაგმობაზე და ნოემბრის არჩევნების შედეგების აღიარებაზე.