კარგ „სატოპკეებს“ გვიწევს ხოლმე რადიკალური ოპოზიცია - კობახიძე
ჟარგონზე რომ ვთქვათ, კარგ „სატოპკეებს“ გვიწევს ხოლმე რადიკალური ოპოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა დეპუტატ თეონა აქუბარდიას კითხვის იმ ნაწილს უპასუხა, რომელიც ელჩების დემარშს შეეხებოდა.
„ქალბატონი თეონა აქუბარდია სვამდა კითხვებს, აღარ გვესწრება, შესაბამისად, შეიძლებოდა, არც გაგვეცა პასუხი მის შეკითხვებზე, თუმცა რამდენიმე კომენტარს მაინც გავაკეთებ. ის საუბრობდა ელჩების დემარშზე. ელჩების დემარში არ არის ის, რაც შეიძლება დადებითად გაიხსენოს ვინმემ ბოლო თვეების და რამდენიმე წლის კონტექსტში. ჩვენ ვიხილეთ 27 ელჩის დემარში სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. პირდაპირ დაუკავშირეს ეს საკითხი ევროინტეგრაციას, კანდიდატის სტატუსის მიღებას. მაშინ ეს დემარში არ გავითვალისწინეთ, ეს დემარში იყო უსაფუძვლო, არ გადავდგით ნაბიჯი, რომელიც დაუპირისპირდებოდა სამართლის უზენაესობის იდეას, ამ პირობებშიც მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. დემარშები დროებითია, როდესაც მათ არ აქვს მყარი საფუძველი. თეონა აქუბარდიას ნაცვლად სიტყვა „დემარშს“ არ ვახსენებდი, ეს არ არის პოზიტიური გამოცდილება, რომელიც ჩვენს ოპონენტებს აქვთ.
ასევე ამბობდა, თითქოს რუსეთის გავლენის ქვეშ მოვაქციეთ ჩვენი ქვეყანა. რაც შეეხება რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევას, რუსეთის გავლენის ქვეშ მაშინ მოექცეოდა ქვეყანა, მათი რეკომენდაციები რომ გაგვეთვალისწინებინა, იგივე სანქციებთან მიერთებასთან დაკავშირებით. სწორედ თეონა აქუბარდიაა იმ კოლექტიური „ნაც მოძრაობის“ წევრი, რომელიც ითხოვდა სანქციებთან მიერთებას. მაშინ გენახათ რუსეთის გავლენის გაფართოება საქართველოზე. ან თუ გავითვალისწინებდით, მათ დაჟინებულ რეკომენდაციას, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით. მაშინ გენახათ რუსეთის გავლენა საქართველოში, მაშინ ახდებოდა თეონა აქუბარდიას ოცნება რუსეთის გავლენის გაფართოებასთან დაკავშირებით საქართველოში. ეს კოლექტიური “ნაცმოძრაობაა” იმ ნაბიჯების ავტორი, რომელმაც საქართველოში გამოიწვია რუსეთის გავლენის გაფართოება, მათ შორის, ტერიტორიული წინსვლა“,- აღნიშნა პრემიერმა.