დემოკრატები იძულებულნი არიან, ღიად თქვან, რომ ბაიდენის მეორე ვადით პრეზიდენტობა არ შეიძლება - მაიკ ჯონსონი
დემოკრატები იძულებულნი არიან, ღიად თქვან, რაც დიდი ხანია, იცოდნენ, რომ ბაიდენის მეორე ვადით პრეზიდენტობა არ შეიძლება – ასე გამოეხმაურა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის სატელევიზიო დებატებს. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
მისი თქმით, დემოკრატები იძულებულნი არიან, აღიარონ ობიექტური სიმართლე, რომ დებატების დროს სცენაზე მხოლოდ ერთი ადამიანი იდგა, რომელიც კვალიფიციურია და შეუძლია, იყოს პრეზიდენტი, ეს არის დონალდ ტრამპი.
„დებატების ისტორიაში უდიდესი შეუსაბამობა ვნახეთ და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვხედავთ აქ, კაპიტოლიუმზე, ყოველდღე. ახლა, დემოკრატები იძულებულნი არიან, ღიად თქვან, რაც დიდი ხანია, იცოდნენ, რომ ბაიდენის მეორე ვადით პრეზიდენტობა არ შეიძლება. ძალიან სწორი მიზეზის გამო არიან პანიკაში. სადაც ვიმყოფებით, ყველგან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხალხმა საკმარისი ნახა, მათ მობეზრდათ ბაიდენის პოლიტიკა და სურთ ცვლილება“, – განაცხადა ჯონსონმა.
მაიკ ჯონსონის თქმით, დემოკრატებს ტრამპის წინააღმდეგ ეფექტური ალტერნატიული კანდიდატი არ ჰყავთ.
„მათ არ შეუძლიათ კამალა ჰარისის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა. მე ვერ ვხედავ რაიმე ჯადოსნურ გამოსავალს. არ ვფიქრობ, რომ არსებობს რომელიმე სუპერგმირი, რომელსაც შეუძლია, გადაარჩინოს ისინი იმისგან, რაც მოსალოდნელია“, – განაცხადა ჯონსონმა.