„ბავშვებს მინდა ვუთხრა, რომ დაიჯერონ თავიანთი თავების, იშრომონ, ივარჯიშონ, იმ საქმეს მიჰყვნენ, რომელიც უყვართ და აუცილებლად გამოუვათ“ – გიორგი მამარდაშვილი
„ველოდებით ასეთ გულშემატკივრობას, რადგან ვიცით, როგორ უყვართ ჩვენს ხალხს ფეხბურთი. ბავშვებს მინდა ვუთხრა, რომ დაიჯერონ თავიანთი თავების, იმ საქმეს მიჰყვნენ, რომელიც უყვართ და აუცილებლად გამოუვათ“, – ამ კომენტარით უპასუხა ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ჟურნალისტის კითხვას.
საქართველოში დაბრუნებულმა მეკარემ „ტვ პირველთან“ საუბრისას, გულშემატკივრებს, ასეთი დახვედრისა და ქომაგობისთვის, რაც ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში აჩვენეს, მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმებზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა:
„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც დაგვხვდა აეროპორტში. არ ვფიქრობ, რომ ქვეყანაში პირველი ადამიანი ვარ. უბრალოდ, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და თუ ვინმე ასე ფიქრობს, ძალიან დიდი მადლობა.
პირველ რიგში, უნდა დავისვენო რამდენიმე დღე. ჩემს მომავალს რაც შეეხება, სამი წელი ჯერ კიდევ კონტრაქტი მაქვს ვალენსიასთან. ჯერჯერობით არაფერი მაქვს გადაწყვეტილი. ყველანი ერთად დავსხდებით და ისე გადავწყვეტთ ჩემს მომავალს.
ველოდებით ასეთ გულშემატკივრობას, რადგან ვიცით, როგორ უყვართ ჩვენს ხალხს ფეხბურთი. ბავშვებს მინდა ვუთხრა, რომ დაიჯერონ თავიანთი თავების, იმ საქმეს მიჰყვნენ, რომელიც უყვართ და აუცილებლად გამოუვათ“. – აღნიშნა გიორგი მამარდაშვილმა.