მარინ ლე პენის განცხადებით, „ეროვნული გაერთიანება“ უმრავლესობის მოპოვების გარეშე მთავრობის ფორმირებას არ შეეცდება
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი აცხადებს, რომ პატივს სცემს ჯორდან ბარდელას როლს, თუ ის პრემიერ-მინისტრი გახდება და მას არ სურს თავად იყოს მთავრობის ნაწილი.
კითხვაზე, შეეცდება თუ არა „ეროვნული გაერთიანება“ მთავრობის ფორმირებას, თუ ის არ მიიღებს უმრავლესობას ეროვნულ ასამბლეაში, ლე პენმა უპასუხა:
„ცხადია, ჩვენ ვერ მივიღებთ მთავრობაში წასვლას, თუ ვერ ვიმოქმედებთ, ჩვენ გვსურს ვმართოთ“, - აღნიშნა „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა.
ლე პენმა ასევე განაცხადა, რომ ის მთავრობაში არ იქნება და არც ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი გახდება.
„მე ვიქნები დეპუტატთა ჯგუფის სათავეში“, - განაცხადა ლე პენმა.
შეგახსენებთ, საფრანგეთში კვირას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა, რომელშიც, ხმების 33 პროცენტით ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნულმა გაერთიანებამ“ გაიმარჯვა. არჩევნების მეორე ტური 7 ივლისს ჩატარდება, რის შემდეგაც გაირკვევა, როგორ გადანაწილდება მანდატები საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში.