„ისე ვგრძნობ თავს, თითქოს ჩემი შვილი ცოცხალია“ - აითაჯ შახმაროვას მამა სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია
14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულ ქმარს უვადო პატიმრობა შეეფარდა.სასამართლო პროცესი თელავში დღეს გაიმართა. სასამართლო სხდომას ესწრებოდა აითაჯის მამა, ისა შახმაროვი, რომელმაც განაჩენის გამოცხადების შემდეგ მოსამართლის გადაწყვეტილებას სამართლიანი უწოდა და განაცხადა, რომ უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც აღნიშნულ საქმეში დამნაშავეა:
„ისე ვგრძნობ თავს, თითქოს ჩემი შვილი ცოცხალია. ეს იყო ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება, ის იმსახურებს სამუდამო პატიმრობას. დაგეგმილად გაკეთა, გამიზნულად მოკლა ჩემი შვილი. მე მას თვალებში ჩავხედე და ვუთხარი, რომ ის არ არის კაცი, რადგან ქალზე ხელი ასწია და მოკლა. მე არ ვიცოდი, რომ ჩემი შვილი გაათხოვეს, არაფერი ვიცოდი. მალე ვაპირებდი ჩამოსვლას და ეს მოხდა, ყველა უნდა დაისაჯოს ვინც ამ საქმეში დამნაშავეა“, – განაცხადა აითაჯ შახმაროვას მამამ.
აითაჯ შახმაროვა კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ცეცხლსასროლი იარაღით 6 ოქტომბერს მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის ე.წ. ქმარი 10 ოქტომბერს დააკავეს.
დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ქორწინების იძულების ბრალდებით კიდევ ოთხი ადამიანია დაკავებული - აითაჯ შახმაროვას დედა, ბიძა და მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი. ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.