ქართველი პილოტის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, თურქეთის საელჩო მწუხარებას გამოთქვამს
ქართველი პილოტის, კახაბერ ზურაბაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, თურქეთის საელჩო მწუხარებას გამოთქვამს.
"დიდი მწუხარებით შევიტყვეთ, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის კუთვნილმა სამხედრო საფრენმა აპარატმა, გეგმური სამხედრო სწავლების დროს, კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც, დაიღუპა პილოტი. ღმერთმა გაანათლოს გარდაცვლილი პილოტის, კახაბერ ზურაბაშვილის სული. ვიზიარებთ მისი ოჯახის, გულშემატკივრებისა და სრულიად საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობის მწუხარებას."- წერია გავრცელებულ განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი მოკვლევით, საფრენი აპარატი გაფრენამდე სრულად იყო შემოწმებული ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად, ასევე ჩატარებული იყო წინასაფრენოსნო მომზადება და დაცული იყო რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა პროცედურა. როგორც უწყებაში აცხადებენ, იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი. მათივე ინფორმაციით, მომხდარზე საქმე აღძრულია სამხედრო-საჰაერო ხომალდის ფრენისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე.