თუ ტრამპმა იცის, როგორ დაასრულოს ეს ომი, დღესვე უნდა გვითხრას - ზელენსკი
აშშ-სა და ჩინეთს შეუძლიათ დაასრულონ ომი უკრაინაში, თუ გვერდზე გადადებენ უთანხმოებებს და ერთად იმოქმედებენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ჩინეთს შეუძლია შეასრულოს დიდი როლი კონფლიქტის მოგვარებაში, რადგან მოსკოვი მის საექსპორტო ბაზარზეა ძალიან დამოკიდებული.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე უარყო, რომ უკრაინული და რუსული ძალები ბრძოლის ველზე ჩიხში შევიდნენ.
ზელენსკის თქმით, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები, ცოცხალი ძალის მხრივ, უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყო და ახალი შეტევა ბრიგადების შეიარაღებაზეა დამოკიდებული.
ზელენსკიმ, ასევე მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს გაასაჯაროვოს ომის სწრაფად დასრულების გეგმები.
„თუ ტრამპმა იცის, როგორ დაასრულოს ეს ომი, დღესვე უნდა გვითხრას ამის შესახებ. თუ არსებობს უკრაინის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული რისკები, თუ ჩვენ დავკარგავთ სახელმწიფოებრიობას, გვინდა ვიყოთ მზად ამისთვის, გვინდა ვიცოდეთ, ნოემბერში გვექნება ძლიერი მხარდაჭერა აშშ-სგან, თუ სულ მარტო ვიქნებით“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.