"გვექნება რთული დღეები, მაგრამ ახლა მთავარია ეს თამასა დაბლა არ დავწიოთ...“ - გიორგი გველესიანი
საქართველოს ეროვნული გუნდის შემადგენლობაში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე ბევრი ფეხბურთელის გამორჩევა შეიძლება, თუმცა ბუნებრივია, ყველასთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო გიორგი გველესიანის უმაღლეს დონეზე ასპარეზობა, რომლის დებიუტიც ნაკრების შემადგენლობაში 33 წლის ასაკში შედგა.
კონტინენტის პირველობაზე მიღებულ შთაბეჭდილებებსა და განვლილ რთულ გზაზე გიორგიმ გადაცემა „იმედის დღეში“ ისაუბრა.
„ჯერ კიდევ ეიფორიაში ვართ - ასეთ დახვედრას და მსგავსი მასშტაბის ზეიმს ნამდვილად არ ველოდით. ასეთი სასიხარულო მიზეზით თავისუფლების მოედანი რომ გადავსებულიყო, არასოდეს მინახავს.
ყველას აქვს თავისი პირადი ისტორია და მეც მათ შორის გახლავართ - არ მინდა ბევრი საუბარი იმაზე, თუ რამდენად რთული პერიოდი გამოვიარე.
უბრალოდ ვიტყვი იმას, რომ ვამაყობ მხოლოდ იმ ფაქტით, რომ არასოდეს დავნებებულვარ. მინდა ვთქვა და აღვნიშნო, ის სიტყვები, რაც ყველა ფეხბურთელის გასაგონად ვილი სანიოლმა შეკრებაზე ჩემზე თქვა - მან განაცხადა, რომ გიორგი გველესიანმა საკმაოდ რთული გზა გაიარა, ირანში ოჯახის წევრების გარეშე რვა წელია ცხოვრობს და გადავწყვიტე, რომ ის შანსის მიცემას იმსახურებს.
დიდი მადლობა გულშემატკივარს, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ გვექნება რთული დღეები, მაგრამ ახლა მთავარია ეს თამასა დაბლა არ დავწიოთ და კარგად დაწყებული საქმე კარგადვე განვაგრძოთ“.