„ფეხით ვწერდი კლავიატურაზე… ყველას აინტერესებდა, ნეტა როგორ წერს ეს ბავშვიო…“ - რას ჰყვება აბიტურიენტი, რომელიც ხელების გარეშე დაიბადა
აბიტურიენტი, გიორგი ზარქუა, რომელიცვ ხელების გარეშე დაიბადა, „კვირის პალიტრას“ უყვება, როგორ შეძლო გამოცდაზე ხელების გარეშე დაეწერა. გიორგის სჯერა, რომ დასახულ მიზნებს აუცილებლად მიაღწევს.
„ფეხით ვწერდი კლავიატურაზე, რეალურად ქართულში ორმაგი დრო მომცეს, 6 საათი, გამოვიყენე 3 საათი და 52 წუთი, მარტო ვიყავი 2 დამკვირვებელთან, ფაქტიურად მთელ NAEC- თან ერთად, ყველას აინტერესებდა ნეტა როგორ წერს ეს ბავშვიო…
დავიბადე ხელების ანომალიით, მარტივად რომ ვთქვა ხელების გარეშე ამას რა თქმა უნდა ჩემს ცხოვრებაში ხელი არასოდეს შეუშლია, პირიქით გამოწვევა გამოწვევაზე მოდიოდა, უფრო საინტერესო გახადა ამ ყველაფერმა ჩემი ცხოვრება. ვერც კი წარმომიდგენია, რომ ხელებით ჩემი ცხოვრება ამაზე მეტად საინტერესო იქნებოდა… ვფიქრობ, რომ კარგად, ნორმალურად დავწერე გამოცდა…
მონიშნული მაქვს ჟურნალისტიკა, ფსიქოლოგია, პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები… მინდა რომ ფსიქოლოგი – პოლიტიკისკენ წავიდეს ჩემი კარიერა“ – ამბობს გიორგი ზარქუა.