თეგებით ძიება

ხვიჩა კვარაცხელიას ქართულის მასწავლებელი ეროვნულ პრემიაზეა წარდგენილი

ხვიჩა კვარაცხელიას მასწავლებელი, თბილისის N169 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, მანანა მერაბიშვილი სასკოლო საზოგადოებამ მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარადგინა, როგორც „გამოცდილი, ავტორიტეტული, მრავალი ღირსეული თაობის პატრიოტული სულისკვეთებით აღმზრდელი“.

ყველა მოსწავლისთვის საყვარელ მანანა მასწავლებელს მუშაობის 51-წლიანი გამოცდილება აქვს, პროფესიულ მიზნად კი ქვეყნისთვის ღირსეული მოქალაქეების აღზრდა უქცევია: 

„მასწავლებლობა რთულია, მაგრამ ვიცი, რომ დიდი მოვალეობა მაკისრია ჩვენი ქვეყნისა და მოსწავლეთა წინაშე“, – ამბობს პედაგოგი, რომელმაც არაერთ წარმატებულ მოსწავლეს დაულოცა გზა ცხოვრების ასპარეზზე და მათ შორისაა ხვიჩა კვარაცხელიაც, ფეხბურთელი, რომელიც დღეს უკვე ვარსკვლავია.

ხვიჩამ პედაგოგს ვიდეო მიუძღვნა, სადაც ნათლად გამოხატა დიდი სიყვარული, პატივისცემა და გაწეული ამაგისთვის მადლობაც საჯაროდ გადაუხადა:

„მანანა მასწავლებელო, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ გაწეული ღვაწლის, უამრავი თაობის ღირსეულად აღზრდისა და დიდი ამაგისთვის, რომელიც ჩემს განათლებაში მიგიძღვით. მახსოვს, ჩვენთან ერთად როგორ თამაშობდით ფეხბურთს და განწყობას გვიმაღლებდით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთეთ და ასევე მომავალი თაობებისთვისაც გააკეთებთ.

ჯანმრთელობას, ბედნიერებას გისურვებთ, კიდევ დიდხანს უნდა ემსახუროთ თქვენს საყვარელ საქმიანობას. მიყვარხართ და გაფასებთ ძალიან“. – ამბობს ვიდეოში ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია.

მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე კანდიდატთა წარდგენა 5 ივლისამდე გრძელდება. აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის ეროვნული პრემია მოიცავს ლაურეატზე  გადასაცემ 10 000 ლარს, ასევე სამკერდე ნიშანს.

წყარო: Etaloni


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა