"ოცნებამ" ქვეყანა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში შეიყვანა - "ლელო"
საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანა მიზანმიმართულად შეიყვანა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში, - ასე ეხმაურება პარტია „ლელო“ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებას.
როგორც „ლელოს“ განცხადებაშია ნათქვამი, სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გაუქმება უდიდეს დარტყმას აყენებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობასა და ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.
„მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორის" განუსაზღვრელი დროით შეჩერება ნიშნავს იმას, რომ აშშ-მ საქართველოსთან ურთიერთობების კომპლექსური გადახედვა დაიწყო, რაც მოსალოდნელი იყო. ენტონი ბლინკენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სანქციების პირველ რაუნდს ურთიერთობების გადახედვა მოჰყვებოდა. ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანა მიზანმიმართულად შეიყვანა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში. შედეგად, დღეს ჩვენ აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღის მომსწრენი გავხდით, როდესაც სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი ფორმატი „განუსაზღვრელი ვადით" გაუქმდა.
ამ პროგრამის გაუქმება უდიდეს დარტყმას აყენებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობასა და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.
"ღირსეული პარტნიორი" ატარებდა როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკურ დატვირთვას. ზაფხულის პერიოდში, როდესაც რუსეთიდან მომავალი საფრთხეები ტრადიციულად გაზრდილია ხოლმე, ფაქტობრივად, ორი თვის განმავლობაში საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე აშშ-ს შეიარაღებული ძალების ყოფნა და მათი მონაწილეობით ჩატარებული წვრთნები აგრესიის შეკავების ინსტრუმენტს წარმოადგენდ. „ქართული ოცნების“ წყალობით, ჩვენ ეს ინსტრუმენტი განუსაზღვრელი დროით დავკარგეთ.
მაშინ, როდესაც აშშ-მა საქართველოს ღიად შესთავაზა ურთიერთობების გაღრმავება რუსული კანონის ჩაგდების სანაცვლოდ, რაც მოიცავდა უვიზო მიმოსვლას, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასა და ახალ შესაძლებლობებს ქართველი სტუდენტებისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ ამჯობინა ჩინეთთან ბუნდოვანი ხელშეკრულებების გაფორმება, თეირანში „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ გვერდით დგომა და რუსული კანონის მიღება. ეს არის საუკეთესო დასტური იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ემსახურება რუსეთის ინტერესებს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანა მოექცეს რუსულ ორბიტაზე, სრულ საერთაშორისო იზოლაციაში და შედეგად იყოს სრულიად დაუცველი რუსული საფრთხისაგან.
ამიტომ, 26 ოქტომბერს საქართველომ უნდა აირჩიოს ხელისუფლება, რომელიც იქნება საქართველოს სამსახურში, გააძლიერებს ქართულ ეროვნულ უსაფრთხოებას, ჩვენს ჯარს და ინსტიტუტებს და გაამყარებს კავშირებს ყველა ძირითად პარტნიორთან, ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის“ - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო, რის ფარგლებშიც სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდება.