საქართველოს სახელი გაიტანეს მსოფლიო ასპარეზზე პატარა ბიჭებმა, ახალგაზრდებმა და მათი წახალისება არის მეცენატობა, სხვა არაფერი - ვოლსკი
ფეხბურთელების ბულინგი უზნეობაა. საქართველოს სახელი გაიტანეს მსოფლიო ასპარეზზე პატარა ბიჭებმა, ახალგაზრდებმა და მათი წახალისება არის მეცენატობა და სხვა არაფერი, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ეროვნული ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას მიერ ნაკრების სახელით ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსადმი“ მადლობის გამომხატველი განცხადების გაკეთების გამო, საზოგადოების ნაწილის გაღიზიანებას.
მისივე თქმით, მადლიერების გამოხატვა არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული ადამიანი ამა თუ იმ პოლიტიკურ პოზიციას ითვალისწინებს.
„მადლიერება ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული ადამიანი ამა თუ იმ პოლიტიკურ პოზიციას ითვალისწინებს და ბულინგი ამ ადამიანებზე არის უზნეობა, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს და, სამწუხაროდ, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს ახასიათებთ, გარკვეულ ადამიანებს, რომლებიც გაერთიანებული არიან გარკვეული პოლიტიკური სუბიექტების გარშემო. ეს არის ძალიან სამწუხარო“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების ფინანსურად წახალისება მეცენატობაა და ნებისმიერი ადამიანი ამისთვის მადლობას მიიღებდა.
„ადამიანები როცა მადლობას იხდიან იმისათვის, რომ მათ მიმართ გაკეთდა ძალიან სერიოზული მოცულობითი ჟესტი, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ვინც არ უნდა ყოფილიყო, ნებისმიერი მადლობას მიიღებდა ამასთან დაკავშირებით.
საქართველოს სახელი გაიტანეს მსოფლიო ასპარეზზე კონკრეტულმა ადამიანებმა, პატარა ბიჭებმა, ახალგაზრდებმა და მათი წახალისება არის მეცენატობა და სხვა არაფერი. კონკრეტულ ადამიანს რომ ამის გარდა სხვა მეცენატობა არ ჰქონოდა ჩადენილი, კიდევ ვიტყოდით რაღაცას, შევიტანდით ეჭვს. მაგრამ უამრავია გაკეთებული და ერთი დამისახელეთ ანალოგიური, ვისაც რაიმე გაუკეთებია იმ ადამიანებს შორის, ვისაც დღეს ძაღლის ყბა აქვთ გამობმული და დღე და ღამე არ იციან, როგორ მიაყენონ დისკრედიტაცია“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალურ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, ნაკრების წევრებმა ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან” 30 მილიონი ლარი მიიღეს პრემიის სახით, რის შემდეგაც ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების კაპიტნის მიერ ნაკრების სახელით გაკეთებული სამადლობელი განცხადება გაავრცელა.