ბაიდენის თქმით, მხოლოდ „ყოვლისშემძლე ღმერთი“ თუ გაიყვანს მას საპრეზიდენტო რბოლიდან
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ მხოლოდ „ყოვლისშემძლე ღმერთი“ თუ გაიყვანს მას საპრეზიდენტო რბოლიდან. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
„თუ ყოვლისშემძლე ღმერთი ჩამოვა და მეტყვის: „ჯო, გამოდი რბოლიდან“, მე გამოვალ. მაგრამ ყოვლისშემძლე ღმერთი არ ჩამოდის’’, - ციტირებს bbc ბაიდენის სიტყვებს, რომელიც მან ABC News-თან ინტერვიუში წარმოთქვა.
81 წლის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ უარყო დემოკრატიული პარტიის ზოგიერთი წარმომადგენლისა და დონორების იდეა, რომელიც მისი კანდიდატურის მოხსნას და ახალგაზრდა პოლიტიკოსით ჩანაცვლებას გულისხმობდა.
მან აგრეთვე უარი განაცხადა მეხსიერების ტესტის ჩაბარებაზე, რათა ამომრჩევლებისთვის დაემტკიცებინა, რომ ის კიდევ ერთი საპრეზიდენტო ვადისთვის მზადაა. „მე ყოველდღე ვაბარებ მეხსიერების ტესტს. ყოველ დღე მაქვს ტესტი, ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, ტესტია“, - თქვა ბაიდენმა.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს გაიმართება. ბაიდენი მეორე ვადით არჩევას გეგმავს. მისი მთავარი კონკურენტი რესპუბლიკური პარტიიდან ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია. ივნისში ბაიდენსა და ტრამპს შორის პირველი სატელევიზიო დებატები გაიმართა. ანალიტიკოსების თქმით, დებატები ტრამპის უპირატესობით დასრულდა. ამის გამო ბაიდენის კრიტიკოსები და მისი ზოგი თანაპარტიელი მას კანდიდატურის მოხსნას სთხოვს.