ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მასუდ პეზეშკიანმა გაიმარჯვა
ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ყოფილმა დეპუტატმა მასუდ პეზეშკიანმა გაიმარჯვა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო press.ir ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, პეზეშკიანმა მეორე ტურში 30,5 მილიონი ხმიდან 16, 3 მილიონზე მეტი ხმა მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა საიდ ჯალილიმ - 13,5. არჩევნებზე აქტივობამ დაახლოებით 50% შეადგინა.
„ჩვენ ყველას გავუწვდით მეგობრობის ხელს. ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის მაცხოვრებლები ვართ. ჩვენ ქვეყნის პროგრესისთვის ერთმანეთი უნდა გამოვიყენოთ“, - თქვა პეზეშკიანმა წინასწარი შედეგების გამოქვეყნებისთანავე ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში.
ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 5 ივლისს ჩატარდა. მოქალაქეებს არჩევანი პრეზიდენტობის ორ კანდიდატს, მასუდ პეზეშკიანსა და საიდ ჯალილის შორის უნდა გაეკეთებინათ.
ყოფილი კარდიოქირურგი პეზეშკიანი ირანის ე.წ. მორალის პოლიციას აკრიტიკებს, ამომრჩეველს ერთიანობას და მსოფლიოსგან ირანის იზოლაციის დასრულებას ჰპირდება. ჯალილი კი, რომელიც ბირთვულ საკითხებზე ყოფილი მომლაპარაკებელია და რელიგიურ თემებში ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს, მკაცრი ანტიდასავლური პოზიციით არის ცნობილი.
პირველ ტურში, რომელიც 28 ივნისს გაიმართა, პეზეშკიანმა ხმების 44% დააგროვა, ხოლო ჯალილიმ - 40%.