თეგებით ძიება
06. 07. 2024 მსოფლიო

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი არ გამორიცხავს, რომ კიშინიოვიდან რუსი დიპლომატები კიდევ გააძევონ

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხაი პოპშოიმ არ გამორიცხა, რომ კიშინიოვიდან რუსი დიპლომატები კიდევ გააძევონ. როგორც მოლდოვური მედია წერს, მინისტრმა განაცხადა, რომ რუს დიპლომატებს იმ შემთხვევაში გააძევებენ, თუ რუსეთი მოლდოვის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებს გააგრძელებს.

„თუ გაგრძელდება მოლდოვის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი ქმედებები, როგორიც იყო მოლდოვის რესპუბლიკის ხელისუფლების მკაფიო პოზიციის მიუხედავად დნესტრის მარცხენა სანაპიროზე ე.წ. არჩევნების ორგანიზება, ეს ზომა (გაძევება) რა თქმა უნდა, ძალაში რჩება“, - განაცხადა პოპშოიმ.

თუმცა, მისივე თქმით, აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ მოლდოვა რისკავს, აღმოჩნდეს სიტუაციაში, როცა ქვეყნის დიპლომატიური მისია ვეღარ შეძლებს ფუნქციონირებას.

„ჩვენ დაბალანსებული მიდგომა უნდა გვქონდეს. ერთის მხრივ, გვაქვს ეროვნული უსაფრთხოება, რომელზეც უნდა ვიზრუნოთ, მეორეს მხრივ კი უნდა ვიზრუნოთ ჩვენს დიასპორაზე, ჩვენს ინტერესებზე“, - განაცხადა მინისტრმა.

პოპშოის განცხადებას უკვე გამოეხმაურა მოსკოვი. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გალუზინის განცხადებით, მოსკოვი მსგავს ქმედებას უპასუხოდ არ დატოვებს.

გასული წლის ზაფხულში მოლდოვამ კიშინიოვში რუსეთის ფედერაციის საელჩოს 45 თანამშრომლის გაძევების შესახებ გამოაცხადა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტური გამოძიების მსვლელობისას რუსეთის საელჩოს შენობის სახურავზე 28 ანტენა და სატელიტური თეფში აღმოაჩინეს, რომლებსაც რუსული სპეცსამსახურები მოლდოვის ხელისუფლებაზე თვალთვალისთვის იყენებდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა