დავით ხოჭოლავამ ტრავმების გამო კარიერა დაასრულა
საქართველოს ნაკრებისა და „კოპენჰაგენის“ ცენტრალურმა მცველმა, დავით ხოჭოლავამ საფეხბურთო კარიერა 31 წლის ასაკში დაასრულა – ინფორმაციას დანიური კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
ხოჭოლავამ კარიერა დაასრულა
„ტრავმების გამო დავით ხოჭოლავა იძულებულია შეწყვიტოს პროფესიული საფეხბურთო კარიერა. ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ქართველმა მცველმა რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა და სარეაბილიტაციო კურსი გაიარა, მაგრამ ტრავმები იმდენად სერიოზულია, რომ უმაღლეს დონეზე ფეხბურთის თამაშის გაგრძელება შეუძლებელი აღმოჩნდა.
რთული, მაგრამ გარდაუვალი გადაწყვეტილება
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დავით ხოჭოლავამ „კოპენჰაგენის“ ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა:
„ეს რთული, მაგრამ გარდაუვალი გადაწყვეტილებაა, დიდი ხანი ვცდილობდი დაბრუნებას, მაგრამ ფაქტის წინაშე დავდექი – თამაშის გაგრძელება შეუძლებელი აღმოჩნდა. რთულია, მაგრამ ისიც კარგად მესმის, რომ მთავარი ჯანმრთელობაა.
ფანტასტიკური დრო გავატარე „კოპენჰაგენში“. შევიძინე მეგობრები, მივიღე დიდი გამოცდილება, ჩამომიყალიბდა ძლიერი კავშირი კლუბთან, ქალაქთან და, განსაკუთრებით, გულშემატკივრებთან.
თამაში ძალიან მომენატრება. არასოდეს დამავიწყდება ის მხარდაჭერა რაც გამოხატეთ ჩემი ოჯახის მიმართ ყველაზე რთულ მომენტებში, ამისთვის ყოველთვის მადლიერი ვიქნები.
მინდა, მადლობა გადავუხადო „კოპენჰაგენს“ ჩემს კარიერაში საუკეთესო წლებისთვის. კლუბის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი. ტრავმების მიუხედავად, ჩემი აქ ყოფნა ძალიან დასამახსოვრებელი იყო როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი ოჯახისთვის – ეს ქალაქი ჩვენთვის მეორე სახლი გახდა.
დიდი მადლობა კლუბის ყველა წევრს, მწვრთნელებს, მოთამაშეებს. დღეიდან საფეხბურთო კლუბ „კოპენჰაგენის“ ამაყი მხარდამჭერი ვიქნები“.